X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდა

3 სექტემბერი 2024

„დასრულდა ურეკის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. გამოწვევების მიუხედავად, დღეს ურეკს უკვე აქვს 450 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე, ყველა სტანდარტის გათვალისწინებით აშენებული ახალი სკოლა. ტრადიციულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სკოლა აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც აუცილებელია სპორტული აქტივობებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კვებისათვის და გამართული სასწავლო პროცესისთვის. შესაბამისად, ურეკი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით შეხვდება“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ურეკის ახალი სკოლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე. სკოლის სამსართულიან შენობაში მოეწყო 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სპორტულ დარბაზი, სააქტო დარბაზი, სანიტარული კვანძები, სასადილო და გარე სპორტული მოედანი. კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც. 

სკოლა აშენდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ცხადია, სკოლა არის სრულად ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ნორმა და სტანდარტი“,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ურეკის სკოლის მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,7 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ურეკის ახალი საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფელების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.